პოლიტიკა
ჯარიმა და ადმინისტრაციული საქმის წარმოება - სასჯელი ევროკავშირის დროშის დაწვისთვის
თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვისთვის პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური ალტ-ინფოს წევრი, ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ზურა მახარაძის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, ირაკლი მარტინენკო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაჯარიმებული. ეს გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვას. ეს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ზურა მახარაძეს, მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას გულისხმობს და პირის 2 000 ლარით დაჯარიმებას ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოში იქნება შეტანილი.

კონსერვატიული მოძრაობის ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი, სიმონ ეღიაშვილი, ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, გამოკითხვაზე დაიბარეს. შსს–მ სიმონ ეღიაშვილი 1 000 ლარით დააჯარიმა. რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ დროშების დაწვას, როგორც უწყებაში განგვიმარტეს, "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, იდენტიფიცირების შემდეგ, ისინი შესაბამისად დაჯარიმდებიან".
Print