პოლიტიკა
რუსეთის ბირთვული ძალების 95% მოდერნიზებულია - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების 95% მოდერნიზებულია.

„დღეს თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის წილმა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში უკვე 95%-ს მიაღწია, ხოლო ბირთვული ტრიადის საზღვაო კომპონენტში - თითქმის 100%-ს. დაიწყო ახალი ჰიპერბგერითი „ცირკონის“ რაკეტების სერიული წარმოება“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ ოთხი ახალი ჰიპერბგერითი ბირთვული ბომბდამშენი მიიღო.

ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ გახდა ცნობილი.

ახალი, მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს. ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ ახალი სანქციები ძირითადად ეხება სამხედრო და თავდაცვის სექტორებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის მათ, ვინც ჩართულია ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში, ასევე სასამართლოს წევრებს, ადგილობრივ პოლიტიკოსებს და უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ იმ პირებისა და ორგანიზაციების საერთო რაოდენობამ, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრისა და საფრთხის შექმნის გამო, ორი ათასს გადააჭარბა.
Print