პოლიტიკა
რუსული კანონის განხილვა დღესაც გრძელდება
საქართველოს პარლამენტი დღეს, 16 აპრილს, სესიაზე პირველი მოსმენით დაიწყებს რუსული კანონის განხილვას, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

პარალელურად, პარლამენტის გარეთ 12 საათზე დაიწყება პირველი საპროტესტო აქცია, მეორე აქცია კი საღამოს, 19 საათზე გაიმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

15 აპრილის მსგავსად, პარლამენტში მიმდინარე პროცესების გაშუქების საშუალება ექნებათ მხოლოდ ტელევიზიებს. ბეჭდურ და ონლაინ მედიას შენობაში შესვლა დღესაც აუკრძალეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით 15 აპრილს მხარი დაუჭირა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონს.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტებს.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

  • კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
  • მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
  • მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს დღესაც უკრძალავს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას.
შეზღუდვის დასაწესებლად შალვა პაპუაშვილს ცალკე სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, ის ხელმძღვანელობს 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანებით, რომლითაც ჟურნალისტებს მუშაობის წესს უდგენს.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

"ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.
Print