ამ გრანტზე ვერ მივიღებთ უმრავლესობის თანხმობას, რადგან ეს ევროკავშირის გრანტია - ენმ-ს დეპუტატი
20:59 / 30.04.2024
ხმაური იყო დღეს, 30 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დღეს მხარი ევროკავშირის გრანტის მიღებას დაუჭირეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის ქეთევან მიშველიძის ინფორმაციით, ევროკავშირის გრანტი გოეთეს უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება სახელწოდებით - "შემოქმედებითი კომპასი საქართველო".
ქეთევან მიშველიძის თქმით, პროექტის ფარგლებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა მოხდება მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული ობიექტები აღირიცხება, ერთიან სისტემაში მოექცევა და მათ რუკაზე დაიტანენ. გრანტი სამეტაპიანია. პირველი ეტაპი 5 000 ევროს, მეორე ეტაპი 8 000–ს, ხოლო მესამე ეტაპი 50 000 ევროს მოიცავს. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში დაიხარჯება 63 ათასი გრანტი. მიშველაძემ ისიც აღნიშნა, რომ მერიას სურს ამ თანხით გარემონტდეს ვალის კულტურის სახლის დარბაზი.
"ქალბატონო ქეთევან, ასე მგონია ამ გრანტზე ვერ მივიღებთ უმრავლესობის თანხმობას, რადგან ეს ევროკავშირის გრანტია და კულტურული მემკვიდრეობა უნდა აღრიცხოს" - განუცხადა ენმ–ს წევრმა, ნატო დარბაიძემ მერიის თანამშრომელს.
გრანტის მიღებას მხარი დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, სხდომაზე მყოფმა "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ევროკავშირის დაფინანსების მიღების საფუძველი ასე განმარტა: "ის გრანტი, რომელიც ჩვენი მამულის, ენის და საქართველოს წინააღმდეგია, ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგია. ქართველი და საქართველოში მაცხოვრებელი ხალხის წინააღმდეგია, ჩვენ არ მივიღებთ. ის გრანტი, რომელიც არის დაშვებული სპორტის განვითარების, განათლებისთვის და ასეთი ღონისძიებისთვის, მე თანახმა ვიქნები ამ გრანტს დავუჭირო მხარი", – განაცხადა დავით ლომიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ასევე შესთავაზა, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გაეგრძელებინათ საუბარი 29 აპრილის სახალხო შეკრების, მასში საჯარო მოხელეების მონაწილეობისა და შიშის შესახებ.