ღიმილის მომგვრელი იყო ეს განცხადებები - ახალციხის მერი მრჩეველთა საბჭოს სამ წევრზე
12:44 / 02.05.2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის მიერ გადადგომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, პოს ტვ-ის ეთერით ეხმაურება. გადაცემაში ,,პოლიტიკური პოსტი", ირაკლი ლაზარაშვილი აღნიშნავს, რომ ,,ღიმილის მომგვრელი იყო ეს განცხადებები გადადგომის, გასვლის და ა.შ. თითქოს-და ჩამოგვანგრიეს და სხვადასხვა ოპოზიციურ არხებზე ხმამაღალი განცხადებების კეთება".
ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭო, ჯამში 27 წევრისგან დაკომპლექტდა. ახალციხის მერის თქმით, მათ შორის არის ,,რამდენიმე ოპოზიციური პიროვნება, რომელიც კენჭს იყრიდა სხვადასხვა დროს არჩევნებზე სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან", ასევე პიროვნება, რომელიც გამოირჩევა ზედმეტად ოპოზიციური განწყობით მაგრამ მე ყველა მივიღე, რომ ყოფილიყვნენ მრჩეველთა საბჭოში" - აღნიშნავს ირაკლი ლაზარაშვილი.
ახალციხის მერმა ისიც დაამატა, რომ საბჭოდან წასული პირებიდან, ერთმა მათგანმა საკუთარ ეზოსთან მოისურვა ინფრასტრუქტურის მოწყობა და მას შემდეგ სხვა ინიციატივა არ წარმოუდგენია, ხოლო მეორეს ხმა კი ,,არასდროს გაუგია" და პიროვნება, რომელიც ძირითადად ,,ფეისბუქკომენტარებს წარმოადგენდა".
ირაკლი ლაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ საბჭო შეიძლება კიდევ ორმა წევრმა დატოვოს, თუმცა ამატებს, რომ ეს ფაქტი საბჭოს საქმიანობას ხელს არ შეუშლის.
მერიის მრჩეველთა საბჭოს 27 წევრიდან პროტესტის ნიშნად საბჭო სამმა წევრმა - ჯაბა ნათენაძემ, მანუჩარ გოგოლაურმა და ალექსანდრე ლომსაძემ დატოვა. უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ სახელმწიფო მანქანის ქმედების შემდეგ მერიასთან თანამშრომლობის ფორმას ვეღარ ხედავენ.
ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 25 აპრილს, 150-ზე მეტმა მედია და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამაც მიიღო. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ
,,ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება "რუსულ კანონს" არ გაიხმობს; ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში".