არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე- ირაკლი კობახიძე
ყველაფერი არის იმ ძალადობის შედეგი, რომელიც გუშინ ვიხილეთ - არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. განსაკუთრებულად დავინტერესდები იმ ფაქტებით, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ საპროტესტო აქციის დროს მედიასაშუალებების წარმომადგენლების დაშავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ მაქსიმალურად პროპორციულობის დაცვით მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება, თუ სადმე გადაცდომა იყო, ამაზე საჭირო იქნება რეაგირება.
„ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაფერი არის იმ ძალადობის შედეგი, რომელიც გუშინ ვიხილეთ. სისტემური, წინასწარ ორგანიზებული, დაგეგმილი ძალადობა იყო. იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, შეკრების დაშლის დროს დაშავდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, მათ შორის კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დაზიანდნენ ჟურნალისტები. ნებისმიერი სამართალდარღვევა, მათ შორის, განსაკუთრებით თუ სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი ჟურნალისტის მიმართ, სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული. არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. განსაკუთრებულად დავინტერესდები იმ ფაქტებით, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან“, - აღნიშნა პრემიერმა.