პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს ცესკო უზრუნველყოფს.
ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.
მისი თქმით, კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა კი ანბანური თანმიმდევრობით განხორციელდება.
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები პირველად ტარდება და ვფიქრობ, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღევანდელ კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის გათვალისწინებით 211 წევრის ადგილი აქვს, ოპოზიციას 69. ამას ემატება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან 20 წევრი. კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათიდან 14:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებს ატარებს ცესკო. 14:00 საათზე ცესკო ჩაატარებს სხდომას, დათვლის ხმებს და შემდეგ უკვე იქნება შედეგების გამოცხადება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მართლაც ეს ისტორიული მომენტი, არაპირდაპირი არჩევნები პირველად ხდება და ვფიქრობ, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, დიალოგის სივრცე არის პარლამენტი და ნება უნდა იბოძოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, 61 მანდატი მიიღოს და შემოვიდეს პარლამენტში.
მისივე თქმით, დიალოგის ნებისმიერი სხვა სივრცე პოლიტიკური რადიკალიზმია.
,,დიალოგის რესურსი თუ პოლიტიკური ბატალიებისა და დებატების სივრცე არის პარლამენტი, ამიტომ ნება უნდა იბოძოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ეს 61 მანდატი მიიღოს, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ის არენა, სცენა პლატფორმა, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დებატი. აქ არის ზუსტად ადგილი დიალოგისა, ნებისმიერი სხვა სივრცე დიალოგისა ეს არის პოლიტიკური რადიკალიზმი.
ასევე მინდა მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. უნდა ვნახოთ შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტისა. ამ ტესტს აბარებს დღეს ევროკავშირი.
სამწუხაროდ, ზოგიერთი წარმომადგენლისგან ვხედავთ, რომ მათთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში გულისხმობს საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე" - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, ის სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს ამოეწურება, მოუწოდებს, რომ დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და არ მოაწყოს საბოტაჟი.