არჩევნებს ბოიკოტი ორმა ხმოსანმა გამოუცხადა
პარლამენტში ე.წ პრეზიდენტის ასარჩევად ხმოსნები დილის 9 საათიდან შეიკრიბნენ. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა. კენჭისყრის პროცესი პარლამენტში 14:00 საათამდე გაგრძელდება. პარლამენტის შენობაში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ.
პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ორმა ხმოსანმა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ.
საკანონმდებლო ორგანოსთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ხმოსნების შენობაში კომფორტულად შესასვლელად, შსს-ს უსაფრთხოების ზომები აქვს გაძლიერებული.
ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მიკროავტობუსებიც გამოჩნდა, რითაც სავარაუდოდ , სწორედ ეს ხმოსნები შეიყვანეს შიგნით.
დილის 9 საათიდან საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილია აქცია "ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს!", ახალგაზრდები თამაშობენ ბურთით. პარალელურად, მსვლელობა იმართება ფილარმონიის შენობიდან, სადაც სტუდენტები დილის 7 საათიდან შეიკრიბნენ.