უნდა ვიმსჯელოთ გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე - ანალენა ბერბოკი
„ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ახლა ჩვენ ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე - „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც მასიურად შეუქმნა საფრთხე საქართველოსა და გერმანიას შორის ათწლეულების მანძილზე არსებულ პარტნიორობას,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა შეაფასა.
მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება და კონკრეტული პირების სანქცირების პროცესი განიხილება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების უკუსვლაზე პასუხისმგებლობას სრულად „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და აცხადებს, რომ ახლა მმართველმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს.
"ევროპული გზიდან შემობრუნებით „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად გაყინა და ამით ფაქტობრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ახლა ჩვენ ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე. 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა. ეს ყოველთვის ცხადი იყო „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვის. მაგრამ პროგრესის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას: არჩევნები, რომელსაც მკვეთრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონი“ ან LGBTQI-პირების უფლებების შეზღუდვა. „ქართული ოცნება“ ამით კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი ქვეყანას სთავაზობს" - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.