პოლიტიკა
თეთრმა სახლმა USAID-ის „ფლანგვის სია” გამოაქვეყნა, სადაც ქართული პროგრამები არ მოხვედრილა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ სია გამოაქვეყნა.
ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე წერია.
კერძოდ, განცხადებაში წერია, რომ “ათწლეულების განმავლობაში USAID გადასახადის გადამხდელების წინაშე ანგარიშვალდებულებას არღვევდა, რადგან უზარმაზარ თანხებს ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე ანაწილებდა უაზრო და, ხშირ შემთხვევაში, მავნე პროექტებში, რაც ფესვგადგმული ბიუროკრატების საყვარელი პროექტებია.“
წარდგენილ სიაში თეთრი სახლი USAID-ის „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს ასახელებს:
- 1,5 მლნ დოლარი „თანასწორობისა და ინკლუზიურობის განვითარებისთვის სერბეთის სამუშაო ადგილებსა და ბიზნესსაზოგადოებაში“
- 70.000 დოლარი ირლანდიაში “DEI-მუსიკის” წარმოებისთვის
- 2.5 მლნ დოლარი ვიეტნამის ელექტრომობილებისთვის
- 47.000 დოლარი “ტრანსგენდერული ოპერისთვის” კოლუმბიაში
- 32.000 დოლარი “ტრანსგენდერული კომიქსისთვის” პერუში
- 2 მლნ დოლარი სქესის ცვლილებისა და „ლგბტ-აქტივიზმისთვის“ გვატემალაში
- 6 მლნ დოლარი ტურიზმის დასაფინანსებლად ეგვიპტეში
- ასობით ათასი დოლარი არაკომერციული ორგანიზაციისთვის, რომელიც დაკავშირებულია აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ფინანსდებოდა მას შემდეგაც კი, რაც გენერალურმა ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
- მილიონობით დოლარი EcoHealth Alliance-ისთვის, რომელიც ჩინეთის უჰანის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა
- ასობით ათასი დოლარის საკვები პროდუქტი სირიაში ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ მებრძოლებს მიეწოდებოდა
- განვითარებად ქვეყნებში ჩასახვის საწინააღმდეგო „პერსონალიზებული“ კონტრაცეპტივების დაბეჭდვის დაფინანსება
- ასობით მილიონი დოლარი “ირიგაციის არხების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და, თუნდაც, სასუქის დასაფინანსებლად, რომლებიც ავღანეთში ყაყაჩოს უპრეცედენტო კულტივაციისა და ჰეროინის წარმოებისთვის გამოიყენება" და რასაც სარგებელი თალიბებისთვის მოაქვს
“სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება და ეს ყველაფერი ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. პრეზიდენტ ტრამპის დროს ფლანგვა, თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება დაუყოვნებლივ სრულდება,” - წერს თეთრი სახლი.
აღსანიშნავია, რომ USAID-ი პროექტებს ახორციელებდა საქართველოშიც. თუმცა „ფლანგვის სიაში”, რომელიც თეთრმა სახლმა ამ დროისთვის გაასაჯაროვა, ჯერჯერობით არცერთი ქართული პროგრამა არ მოხვედრილა.
გააზიარეთ :