ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ნუსხა დაამტკიცეს.
დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში, ქალაქ ახალციხის 25 ქუჩაზე ასფალტის საფარისა და სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება.
გათვალისწინებულია დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია, კოსტავას ქუჩაზე ტროტუარებისა და რამდენიმე ეზოს კეთილმოწყობა. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე 232 000 ლარით, სოლარული ფერმა მოეწყობა, რაც მზის ენერგიის ხარჯზე, ელექტროენერგიის დაზოგვას გულისხმობს.
აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 1 303 560 ლარი დაიხარჯება, რეგიონული ფონდიდან კი 1 279 900 ლარი.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. ერთ–ერთი მათგანი, ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, არასასოფლო–სამეურნეო მიწის ოთხი ნაკვეთის აუქციონზე გატანას ეხებოდა. თითოეული მათგანი 600 კვ.მ. ფართობისაა. ერთი კვ.მ. მიწის ფასმა, 20 ლარი შეადგინა.
ცვლილება შედის სოციალური დახმარების გაცემის წესშიც.