პოლიტიკა
გაუქმდება თუ არა ახალციხეში მერია?
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ახალციხის მოსახლეობამ, შესაძლოა მერის ნაცვლად, ისევ გამგებელი აირჩიოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, მმართველმა პარტიამ დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შვიდ მუნიციპალიტეტს გაუუქმდება. მათ შორის ქალაქ ახალციხესაც.

საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, საზღვრების დადგენა და ბიუჯეტის გადანაწილება ხელახლა მოხდება. იდეის გარშემო კითხვები აქვთ ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებს.

ახალციხემ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი არ უნდა დაკარგოს – ფიქრობენ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები. გელა დემეტრაძე მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტების დრო არ არის, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მხარის ადმინისტრაციას, აღნიშნულ საკითხში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.

სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებასთან დაკავშირებით, მეტ არგუმენტს ითხოვს. გია ანდღულაძე ამბობს, რომ აღნიშნული სიახლე ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ის დეცენტრალიზებას ხელს შეუშლის.

ხელისუფლება საკანონმდებლო ინიციატივას, სავარაუდოდ 1 თვეში წარადგენს. იმ შემთხვევაში, თუ იდეა მხარდაჭერას მოიპოვებს, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ.

Print