პოლიტიკა
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. პროექტს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.

მან შეხვედრა ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევით დაიწყო და გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

"მინდა დღევანდელი შეხვედრა სამძიმრით დავიწყო. გუშინ ტყიბულში ოთხი მეშახტე დაიღუპა და მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რის შემდეგაც ცვლილებების წარდგენა დაიწყო. კობახიძის თქმით, არ დარჩა თითქმის არცერთი მუხლი და პუნქტი, რომელსაც ცვლილება არ შეეხო.

"მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპებს, არის დაუხვეწავი საპარლამენტო სისტემა, რომელიც საჭიროებს გასწორებას, სტრუქტურა არის აბსოლუტურად გაუმართავი. ეს სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რომლის აღმოფხვრაზეც იმუშავა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ" – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Print