პოლიტიკა
5%–იანი ბარიერი თავსებადია ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან – ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო ცვლილებების საზოგადოებისთვის განხილვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დაასრულა. ირაკლი კობახიძემ პროექტის ძირითადი პუნქტების შესახებ ზოგადად ისაუბრა.

მისი თქმით მარტივდება ფრაქციების შექმნის წესი: ფრაქციები შეიქმნება მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ, რომელიც შევა საქართველოს პარლამენტში.

იცვლება საარჩევნო სისტემა. დღეს მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც ნახევარი აირჩევა პროპორციული, ნახევარი მაჟორიტარული წესით. ცვლილების მიხედვით ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის.

"პროპორციული სისტემა შემოღებულია სამი ძირითადი ელემენტით. პირველი ელემენტი მდგომარეობს იმაში, რომ უქმდება საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი. ერთერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, არის სწორედ საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი. უნდა გაუქმდეს საარჩევნო ბლოკი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში არ ჩამოყალიბდება სრულფასოვანი პარტიული სისტემა.

მეორე ელემენტი არის ხუთპროცენტიანი ბარიერი. ძალაში რჩება 5%–იანი საარჩევნო  ბარიერი, რომელიც დღესაც მოქმედებს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტეს ნაწილში  5%–იანი ბარიერია დაწესებული პოლიტიკური პარტიებისთვის. პარტიებისთვის 5%–იანი ბარიერის დაწესება არის სრულად თავსებადი ევროკავშირის საუკეთესო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან.

მესამე ელემენტი ეს არის ეგრეთ წოდებული ბონუსის ელემენტი, რომელთან დაკავშირებითაც ფართოდ არის გაშლილი დისკუსია. რას ითვალისწინებს ბონუსი? ის ხმები რომელიც არ განაწილდება, ნაწილდება საბოლოოდ გამარჯვებულ პარტიაზე. საუბარია იმ ხმებზე, რომელიც შეიძლება მისცენ ბარიერვერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს. საუბარია ერთნიშნა მცირე დანამატზე, რაც უზრუნველყოფს საპარლამენტო სისტემის შედარებით მაღალი ხარისხით სტაბილურობას. ეს არის მცირე დანამატი, რომელიც ეძლევა გამარჯვებულ პარტიას იმისათვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება შედარებით სტაბილური იყოს"
– აღნიშნა ირაკლი კობახიძემ
Print