გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს. ამ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს.
გამგეობების გაუქმება თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული.
როგორც მინისტრი ზურა ალავიძე განმარტავს, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება.
"დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას - მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს. ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი", - განაცხადა ალავიძემ.
მისივე თქმით, არჩევითობის წესი უცვლელია - ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება.
"რაც შეეხება მოქალაქეთა ჩართულობას, ცვლილებათა პაკეტი მეტ საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი სოფლის (ქალაქის შემთხვევაში, უბნის) საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ... არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს", - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, არავინ დავობს, რომ 2014 წელს დაწყებული რეფორმა იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა ძლიერი ფუნდამენტი თვითმმართველობის განვითარებისათვის, თუმცა, სამწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა სისტემის დახვეწის აუცილებლობა - დეცენტრალიზაცია რჩება მთავრობის პრიორიტეტად დემოკრატიული განვითარებისა და ევროპასთან დაახლოების გზაზე.
ალავიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება.
სამინისტოს ინიციატივის შესახებ ინფორმირებულია ქალაქ ახალციხის მერი. ვლადიმერ ზედგინიძის თქმით პროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის არაერთი პროცედურაა საჭირო, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს.