"ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია.
მისი კანდიდატურა მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა. პოლიტიკოსმა ყურადღება იმ დეტალებზე გაამახვილა, თუ რატომ უნდა აირჩიონ ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ოპოზიციური პარტიიდან. დავით ბაქრაძის თქმით, ყოველთვის აქვს აზრი ბრძოლას, მთავარი ეს ხალხმა მოინდომოს.
ვაჟა ჩიტაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტს ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა. 2008 წელს მას გამგებლის თანამდებობა ეკავა. შემდეგ საგამოძიებლო ორგანოში დაბრუნდა და სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო. 2012–2016 წლებში კვლავ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტში ახალციხის მუნიციპალიტეტი წარადგინა. 2016 წელს კენჭი იყარა მეცხრე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა, ახალციხე–ადიგენის მუნიციპალიტეტებში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი კოპაძემ მოიპოვა.
უცნობია როდის დაასახელებენ სხვა პარტიები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს.