„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სამცხე–ჯავახეთში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში ახალციხე–ადიგენს ვაჟა ჩიტაშვილი, ხოლო ასპინძა–ბორჯომსა და ახალქალაქის ნაწილს ტარიელ ლონდარიძე წარადგენს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება სამცხე–ჯავახეთში ახალციხიდან დაიწყეს. პარტიის გენერალურმა მდივანმა დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვლი წარუდგინა. „თითოეული თქვენი ხმა არის ვალი, რომელსაც ეს ადამიანი იღებს თქვენგან. ეს ვალი უნდა გაგისტუმროთ საქმით, მუშაობით, თქვენი პატრონობით და თქვენი საქმის გაკეთებით“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ ვაჟა ჩიტაშვილის წარდგენისას.
ახალციხელ მხარდამჭერებს დავით ბაქრაძის გარდა, სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ. შემდეგ კი ამომრჩევლის წინაშე პარტიის ახალი წევრი და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე წარსდგა, რომელმაც საზოგადოებასა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალციხიდან მიმართა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ახალციხის შემდეგ ასპინძაში გადაინაცვლეს, სადაც ამომრჩეველს ასპინძა–ბორჯომისა და ახალქალაქის ნაწილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე წარუდგინეს. „ნაციონალური მოძრაობის“ლიდერები მოსახლეობას ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ.
ტარიელ ლონდარიძემ, წარდგენის შემდეგ, ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და მათ არჩევნებზე ჯანსაღი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. კითხვაზე თუ როგორ აპირებს გაერთიანებულ ოლქში, ასპინძელი კანდიდატი სასურველი ხმების მოგროვებას – ლონდარიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების გამიზნული ქმედების მიუხედავად, მოსახლეობის გონივრული გადაწყვეტილების იმედი აქვს.
სამცხე–ჯავახეთში “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ამ დროისთვის მაჟორიტარობის ორი კანდიდატი დაასახელა. ვინ წარადგენს საქართველოს პარლამენტში, პარტიის სახელით ნინოწმინდა–ახალქალაქს, ჯერჯერობით უცნობია.