ახალციხის მერს 6 რწმუნებული, 3 მოადგილე, კონსულტანტი, მრჩეველი და თანაშემწე ეყოლება
19:45 / 22.11.2017
რწმუნებულები, მოადგილეები, თანაშემწეები და კონსულტანტები – კანონით გაწერილი საშტატო ნუსხა კრიტიკის მიზეზი ხდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე სხდომაზე დეპუტატებმა კომისიათა დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. ოპოზიციის პროტესტი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრამ გამოიწვია. გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შტატების ხელოვნურ გაზრდასა და პოლიტიკური აქტივისტების დასაქმებას ნიშნავს.
უმრავლესობის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა. ნატო დარბაიძემ თავის შეკავების მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომის გამართვის შესახებ მხოლოდ სამი საათით ადრე შეიტყო.
რატომ დაინიშნა საკრებულოს სხდომა მოულოდნელად და რატომ იყო მნიშვნელოვანი კონკრეტულ საკითხებში ცვლილებების შეტანა – ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე საუბრობს. ირწმუნება, რომ მომავალი სხდომების შესახებ, დეპუტატები ერთი კვირით ადრე იქნებიან ინფორმირებულნი.
ოპოზიციის კრიტიკას ქალაქ ახალციხის მერიც პასუხობს. ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ 163 თანამშრომელი ქალაქის ეფექტური მართვისთვის არის საჭირო. მერია შერჩეულ თანამშრომლებს მომავალი კვირიდან დანიშნავს.
22 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს. საკრებულოს შემდეგი სხდომა დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.