რაბათში, ტაძრის დღესასწაული იზეიმეს
მართლმადიდებლური სამყარო, 30 ივლისს წმინდა, მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ რაბათის
წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში. დიდმოწამე მარინე ანტიოქიაში, წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით დაობლებულის ზრუნვა ძიძას მიანდეს, რომელმაც იგი ქრისტიანული ერთგულებით აღზარდა.
როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ქრისტიანების დასასჯელად ანტიოქიაში ეპარქი ოლიბრი გაგზავნა. იგი მარინეს სილამაზით მოიხიბლა და გადაწყვიტა სარწმუნოების უარყოფასა და ცოლობაზე დაეყოლიებინა, თუმცა, მუქარამ და პირფერობამ ვერ გაჭრა. ქალწულმა სჯულის შეცვლაზე უარი თქვა.
განრისხებულმა ეპარქმა, მისი წამება ბრძანა. წმინდა მარინემ არაერთი განსაცდელი დაითმინა. ბოლოს კი მას თავი მოჰკვეთეს. ქალწულთან ერთად სარწმუნოებისთვის 1 500 ქრისტიანი ეწამა.