რელიგია
,,დავლოცავ საროს მაცხოვრებლებს, რომლებიც მრავალი სირთულის მიუხედავად არ ტოვებენ სოფელს და აქედან იცავენ ჩვენ სამშობლოს“ – მეუფე თეოდორე
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური სამყარო მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ეკლესია ამ დღეს მთავარანგელოზთა – მიქაელის, გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, იეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის კრებას იხსენიებს. ტაძრის დღესასწაული ასპინძაში, სოფელ საროს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში იზეიმეს.

საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. ლიტურგიას მოსახლეობასთან ერთად რეგიონის გუბერნატორი, ასპინძისა და ადიგენის პირველი პირები და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ,,დავლოცავ საროს და მის მაცხოვრებლებს, რომლებიც მრავალი სირთულის მიუხედავად არ ტოვებენ სოფელს და ამ ადგილიდან იცავენ ჩვენ სამშობლოს“ – აღნიშნა წირვის დასასრულს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

მიტროპოლიტის აზრით, სოფელში ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის პრობლემის მოწესრიგებით საროდან მიგრაცია შეჩერდება. მხარის გუბერნატორი კი ფიქრობს, რომ სარო ტურისტული თვალსაზრისით უნიკალური ადგილია, რისთვისაც ხშირი რეკლამირება და ტურიზმის სწორი განვითარებაა საჭირო.



საროში ტურიზმის დიდ პოტენციალსა და სახელმწიფოს მიერ ასპინძის კულტურული ძეგლების სრულად ათვისების საჭიროებაზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე საუბრობს.

ტაძრის დღესასწაულის შემდეგ, მიტროპოლიტმა თეოდორემ, მოწვეულ სტუმრებთან და მრევლთან ერთად ყინვაგამძლე ჯიშები - წითელი ნეკერჩხალი, ვერცხლისფერი ნაძვი, როჭი, მარადმწვანე მუხა, ტირიფი და ტუიები დარგო, რომელიც სოფელს საჩუქრად საროს მკვიდრმა ემზარ ასპანიძემ გადასცა.


| Print |