რელიგია
23 ნოემბერს გიორგობა აღინიშნება
ქრისტიანული სამყარო 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს. მორწმუნეებმა დღესასწაული ტაძრებში საზეიმო ლოცვით აღნიშნეს.


ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა საზეიმო წირვა ჭულეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.

ახალციხის წმინდა ამაღლების სახელობის ეკლესიაში კი წირვა ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დავითმა აღავლინა. მან მრევლს წმინდანის აღსრულების დღე მიულოცა და ქადაგებისას მის მოწამეობრივ ცხოვრებაზე ისაუბრა.

საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

იგი მესამე საუკუნეში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა.

წმინდანს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
| Print |