რელიგია
რაბათში, სადღესასწაულო წირვა ორმა მიტროპოლიტმა აღავლინა
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეხუთე კვირას ღირს მარიამ ეგვიპტელს იხსენებს. რაბათში, წმ. მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინეს.

,,ღირსი მარიამ მეგვიპტელი თორმეტი წლის ასაკში გაიქცა მშობლიური სახლიდან და ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მისდევდა უზნეო ცხოვრებას ალექსანდრიაში, მაგრამ ამას ფულადი გამორჩენის მიზნით არ იქმოდა – დღიურ სარჩოს შოულობდა ქსოვითა და კერვით, ხოლო მეძავობას სჩადიოდა იმ შეგნებით, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო.

ერთხელაც ის თან გაჰყვა მომლოცველებს იერუსალიმში, რომლებიც გემით მიემგზავრებოდნენ ჯვართამაღლების დღესასწაულზე დასასწრებად. მაგრამ მარიამის მგზავრობის მიზანს ლოცვა კი არ წარმოადგენდა – იგი თვით ღვთისმოსავთა შორისაც კი მაცდურად იქცეოდა.

იერუსალიმში მარიამი ხალხის ნაკადს მიჰყვა ეკლესიაში, მაგრამ ტაძარში შესვლა ვერ შეძლო – რაღაც უხილავმა ძალამ შეაკავა და არ შეუშვა.

ღვთისმშობლის ხატმა მიახვედრა, რომ ეკლესიაში მას საკუთარი ცოდვები არ უშვებდა. მარიამმა ლოცვით შესთხოვა ღვთისმშობელს, შეეშვა ეკლესიაში, რათა იმ ჯვრის ხილვის ღირსი გამხდარიყო, რომელზეც ევნო მაცხოვარი. მისი ლოცვა შესმენილ იქნა – მარიამმა შეძლო ტაძარში შესვლა. ხოლო ჯვრის ხილვამ მიახვედრა, რომ უფალი მიუტევებს მონანიე ცოდვილთ. მარიამმა შესთხოვა ღვთისმშობელს, ეჩვენებინა მისთვის სინანულის გზა.

ღვთისმშობლის მითითებით წარემართა მარიამი მდინარე იორდანისაკენ, დასახლდა უდაბნოში და მარტოდმარტო განვლო  47 წელი; იკვებებოდა მცენარეთა ფესვებითა და ბალახებით. პირველი 17 წლის მანძილზე ებრძოდნენ წარსულის ვნებიანი ფიქრები და მაცდუნებელი ზრახვები, მაგრამ ლოცვითა და ნებისყოფის მოკრებით უმკლავდებოდა მათ, როგორც მძვინვარე მხეცებს. 17 წლის შემდეგ მარიამს დაეხსნენ მტანჯველი ფიქრები და მოიხვეჭა დიდი მადლი უფლისა – ის ლოცვის დროს მაღლდებოდა მიწის ზედაპირიდან და შეეძლო მდინარეზე სიარული.

მარიამ ეგვიპტელი აღესრულა 522 წელს. დიდმარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს"- წერია წმინდანის ცხოვრებაში.
| Print |