რელიგია
კათოლიკური სამყარო აღდგომას დღესასწაულობს
21 აპრილს კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ჩატარდა ყველა მოქმედ ტაძარში.

რაბათის კათოლიკურ ტაძარში საზეიმო წირვა მამა ფილიპე ალიანმა აღავლინა. აღდგომის წინ მარხვას მართლმადიდებლების მსგავსად კათოლიკეებიც ინახავენ. 2019 წელს კათოლიკური მარხვა 6 მარტს დაიწყო.

კათოლიკური მარხვა მართლმადიდებლურისგან არა მხოლოდ ხანგრძლივობით განსხვავდება, არამედ ტრადიციებითაც. მარხვის პერიოდი 6 კვირას და 4 დღეს გრძელდება.

თუ მართლმადიდებლები დიდი მარხვისას უარს ამბობენ ცხოველური წარმოშობის ნებისმიერ საკვებზე, კათოლიკური ეკლესია მრევლისგან მარხვის მკაცრად დაცვას მხოლოდ პირველ დღეს, ასევე წითელ პარასკევს და დიდ შაბათს მოითხოვს. სხვა დღეებში მორწმუნეთათვის რძის პროდუქტებს მიღება ნებადართულია.

საეკლესიო დღესასწაული კათოლიკურ ტაძრებში დიდი შაბათის საღამოს იწყება. ამ დღეს ცეცხლს და წყალს აკურთხებენ და სააღდგომო ღვთისმსახურებას ატარებენ. შემდეგ იწყება მსვლელობა ლოცვებითა და გალობით. ამ დღეს ასევე ტარდება ნათლობებიც - აღდგომის წინ გაქრისტიანება კათოლიკეებისთის განსაკუთრებული პატივია.

კათოლიკეები მაცხოვრის აღდგომას კვირა დღეს ზარების რეკვით და მსვლელობებით აღნიშნავენ. კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო მსახურება დილიდან იწყება.

კათოლიკური აღდგომის, ისევე როგორც მართლმადიდებლურის, მთავარი სიმბოლო შეღებილი კვერცხებია.

| Print |