რელიგია
წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
წმინდა ცეცხლი, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ყოველ წელიწადს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეს, შაბათს გადმოდის.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ორი ათასი წლის ისტორია აქვს. ამ სასწაულის მოწმენი ხდებიან არა მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ კათოლიკები, გრიგორიანელები და სხვა ქრისტიანობის მიმდევრები.

საეკლესიო ცერემონიალი ქრისტეს აღდგომამდე ერთი დღით ადრე იწყება. იმისათვის, რომ ეს სასწაული იხილონ, მაცხოვრის საფლავთან ხალხი შეგროვებას წითელი პარასკევიდან იწყებს.



შაბათს, 13 საათზე ლიტანიობა იწყება. მას შემდეგ რაც წმინდა ცეცხლი გადმოვა და კანდელი აინთება, საფლავის კარებს აღებენ და პატრიარქი იქ მყოფ ქრისტიანებს ლოცავს. დალოცვის შემდეგ მრევლში წმინდა ცეცხლი რიგდება, თავიდან ეს ცეცხლი ხელს არ წვავს.

მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, პირველად წმინდა ცეცხლმა ჯერ კიდევ ცეცხლის აღდგომამდე უფლის საფლავი გაანათა. ამ სასწაულის მოწმე იყო მოციქული პეტრე. სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრიარქ ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს. სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

მოგვიანებით კი ზეციური ცეცხლით მთელს იერუსალიმში ანთებენ სანთლებს და კანდელებს. წმინდა ცეცხლი მართლმადიდებელ ქვეყნებში ნაწილდება. საქართველოში ცეცხლი მომლოცველებს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ.

ზეციური ცეცხლი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
| Print |