რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია 28 აპრილს აღდგომას ზეიმობს
უფლის აღდგომას მრევლი ტაძრებში ღამისთევით შეხვდა.

აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება, ვნების კვირა.

ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.

ამ დღეს უფალი მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო მოკვდავთათვის სამოთხის კარი. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე, ჯვართან ერთად, კაცობრიობის ცოდვა ზიდა.

ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.
| Print |
თეგები: აღდგომა /