რელიგია
ფოკაში წმინდა ნინოს გზისთვის მზადება დაიწყო
პირველ ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. თარიღი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში წელს განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან წმინდანის შემოსვლიდან 1 700 წელი გავიდა.

დღესასწაულში სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები, მრევლი და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ჯავახეთში ვიზიტი დააანონსა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პირველ ივნისს, ფოკაში, 10:00 საათზე ღია ცის ქვეშ წირვა აღევლინება, რის შემდეგაც სასულიერო პირები მორწმუნეებს დალოცავენ და 42-დღიანი ფეხით მსვლელობა დაიწყება. მრევლი წმინდა ნინოს გზას გაივლის. მსვლელობა პირველ ივნისს ფარავნის ტბიდან დაიწყება და 12 ივლისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან დასრულდება. წელს ლოცვით მსვლელობას სხვა ქვეყნის მართმადიდებლებიც შეუერთდებიან.

წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა ილია მეორემ 30 წლის წინ დააწესა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს 12 ივლისს სვეტიცხოველში შეხვდება და დალოცავს.


| Print |