რელიგია
6 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს
ამაღლება – ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს. ქრისტიანები ზეიმობენ ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.

ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის ამაღლების სახელობის ტაძარში ღამისთევის წირვას არქიმანდრიტი დავითი 00:00 სთ ჩაატარებს, ხოლო ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი სადღესასწაულო წირვას ბუზმარეთში 10:00 სთ აღავლენს.

ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.

ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.

ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაში (XI ს.).

აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს იერუსალიმში და უთხრა მათ: „თქვენ დარჩით იერუსალიმში, სანამ არ შეიმოსავთ ძალას მაღლიდან. თქვენ მიიღებთ ამ ძალას, როცა თქვენზე გადმოვა სულიწმიდა; შემდეგ წადით და უქადაგეთ სახარება ყველას და ნათელი ეცით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით".

ამ სიტყვების შემდეგ ქრისტემ აიყვანა ისინი ზეთისხილის მთაზე, აკურთხა და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში. და იქ დაჯდა მამა ღმერთის მარჯვნივ. ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ.
| Print |