რელიგია
აწყურში, ბაგრატ III-ის წარწერით ქვა აღმოაჩინეს
,,ეხლა შემატყობინეს აწყურიდან. აღმოჩნდა ტაძრის გუმბათის ჯვრის ქვის ბაზისი. ქვის სამაგრზე ასომთავრული წარწერაა “მეფეთ მეფე ბაგრატი” - წერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. ნიკა ანთიძე მეცხრე არხთან განმარტავს, რომ წარწერა კიდევ კარგად არის შესასწავლი. მისი თქმით, ხვალ, 25 ივნისს ადგილზე სპეციალისტები ჩავლენ და ქვის წარმომავლობას შეისწავლიან.

,,შეგახსენებთ რომ მიმდინარეობს საუკუნის პროექტი, აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია. ჯვრის სამაგრია ეს გუმბათი, რაც შეეხება წარწერას, მეფეთმეფე ბაგრატი, პირველადი მონაცემებია ეს, ბოლომდე არ არის ჯერ გაშიფრული, ეს არის რაც არქეოლოგებმა წაიკითხეს, ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ცეს არის ბაგრატთან დაკავშირებული ეპოქა. მეფეთმეფე ბაგრატი არის სავარაუდოდ ბაგრატ მესამე - ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ბაგრატთან დაკავშირებული მონაცემები სამცხე-ჯავახეთში ამ დრომდე არ შეგვხედრია" - განმარტავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.

ბაგრატ მესამე ბაგრატიონი გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე იყო 975-1014 წწ, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.




ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი აღმოჩენას განსაკუტრებულს უწოდებს. მეუფე თეოდორე განმარტავს, რომ ,,ეს ჯვრის სადგამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მეფეთმეფე ბაგრატი წერია და სამცხის ათაბაგებია კიდევ ნახსენები, ბოლომდე ვერ წაიკითხეს ჯერ. განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, რადგან ჯვრის სადგამი ქვა აღმოჩნდა, მთლიანი, ერთიანი და შემოსაზღვრული. ჯვრის ძირია ეს, ტაძრის გვირგვინი" - განუცხადა მეცხრე არხს მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.

42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. ამოყვანილია კედლები, ახლო მომავალში დაიწყება გუმბათის დაშენება. აღდგენილ ტაძარზე უძველესი დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება. ფონდი „ქართუ“ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 12, 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად. ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა იყოს მე-10 მე-11 საუკუნეებში. როგორც ცნობილია, აქ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.

ისტორიული ცნობების თანახმად, აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, პირველად, ანდრია მოციქულმა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისათვის ააგო. შემორჩენილი ფორმის საეპისკოპოსო ტაძრის ნაშთი, X-XI და XIV- XV საუკუნეების ფენებს მოიცავს. ისტორიული ცნობებითვე, ეკლესია, აღმოსავლეთის ნაწილის გარდა, 1283 წლის მიწისძვრისას მთლიანად დაინგრა. მისი განახლება ჯაყელ ათაბაგებს უკავშირდება. XX საუკუნის საწყისი პერიოდის მკვლევარის - გ. ბოჭორიძის ცნობით, XIV-XV საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ტიპის ხელახლა აგებული ტაძრის კამარა, სავარაუდოდ, 1890 წელს ჩამოიქცა.

პროექტის განმახორციელებელი სარესტავრაციო კომპანია ივერთმშენია.

| Print |