რელიგია
რატომ აკურთხებენ ფერისცვალებას ტაძრებში ხილს?
ფერისცვალების დღესასწაული ქრისტიანს უკეთესობისკენ მოწოდებს. ეკლესიამ ამ დროისთვის სამღვდელო სამოსელის ფერიც კი განსაზღვრა და მღვდელი ტიპიკონის გათვალისწინებით თეთრი ფერის სამოსლით იმოსება. მრევლიც ანალოგიურად თეთრი ფერით აფორმებს სახლს სადღესასწაულო იერის მისაცემად.

რატომ ხდება ამ დღეს ხილის კურთხევა? ამ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იგი იბრუნებს იმ სიწმინდეს, რომლითაც მოსილი იყო ედემის ბაღში. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობელის მიზნით უფალს სწირავდნენ.

ფერისცვალების დღესასწაული თევზით ხსნილია.

წლის ამ დროს მთელი ბუნება ავსებულია თავისი სურნელით, სიტკბოებით, სრულყოფილია. ასეთი სრულყოფილებისათვის მიანდო ღმერთმა ადამს ედემის ბაღის გაშენება. სამოთხის ბაღი ისედაც მშვენიერი იყო, მაგრამ ადამს კიდევ უფრო უნდა დაემშვენებინა, მორჩილად და რუდუნებით უნდა შესდგომოდა უფლის მსგავსებისაკენ მიმავალ გზას. ამის ნაცვლად კი, ეშმაკს მინდობილმა, აკრძალული ხილი იგემა და ასე განიცადა ფერისცვალება სიწმინდიდან უკეთურობისაკენ, ასე მოიჭრა პირდაპირი გზა უკვდავებისაკენ. სწორედ ასეთი ურჩობის გამო ვართ იძულებულნი დედამიწაზე შეჭირვებულებმა გამოვიწრთოთ სული, რადგან ღვთის მსგავსების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი, თუ მუდმივი ლტოლვა გექნება ღვთისაკენ, თუ გვექნება ღვთის შიში. ხშირად უკვირთ, რატომ უნდა გვქონდესო ღვთის შიში? ღვთის შიში სიფხიზლეს გვასწავლის, სიფხიზლეს იმ ცდუნებებისადმი, რომელსაც გამუდმებით გვთავაზობს ცხოვრება

ხილის კურთხევის წესი, ტრადიციის შედეგია, რაც შემდგომში მსახურების ნაწილი გახდა. წმინდა მამათა ნაშრომებში ყურძენზე იყო აკრძალვა, არ შეიძლებოდა 19 აგვისტომდე ამ ხილის მიღება და მიმღებს სულიერი მოძღვარი ეპიტემიას ადებდა. პირველნაყოფები იკურთხება, რაც ჩვენს ქვეყანაში მოდის, ამით უფლისადმი მადლიერებას გამოვხატავთ, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი ხილის მიტანა და კურთხევა.
| Print |