რელიგია
აფხაზეთის ომს შეწირული მამა ანდრია და მორჩილი გიორგი
1993 წლის 17 ივლისს კამანის მონასტერში დნესტრისპირელების და აფსუა ფაშისტების მიერ დახვრეტილი იქნა მამა ანდრია (ყურაშვილი) ხოლო რამდენიმე დღიანი ცემის და შეურაცხყოფის შემდეგ მორჩილ იური (გიორგი) ანუასაც ამოხადეს წამებაში სული.

1993 წლის 5 ივლისს, სოხუმიდან 15 კილომეტრში, ულამაზეს სოფელ კამანში, უდიდესი წმინდანის, იოანე ოქროპირის სახელობის კამანის ტაძრის ახლოს აფხაზმა და დაქირავებულმა "ბოევიკებმა" დახვრიტეს ამ ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია (ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი).

როდესაც ტაძარში "ბოევიკები" შეცვივდნენ, იკითხეს - ეს მიწა ქართველებისაა თუ აფხაზებისო. მამა ანდრიამ უპასუხა - მიწა ღვთისააო! ამის თქმა იყო და მოძალადეებმა ტყვია დაახალეს თავში. რუსი მეომრები გაოცებულნი დარჩნენ ანდრიას მამაცობით.

უმანკო ღვთისმსახური მამა ანდრია, იგივე პაატა ყურაშვილი, თავის დროზე სპორტსმენი იყო. ის ბაღდათში დაიბადა. იქ ეზიარა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას და ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობის მრავალგზის პრიზიორი იყო.

მეტიც შეეძლო, მაგრამ აჭარაში, სხალთის მამათა მონასტერში ყოფნის და მოლოცვის შემდეგ არქიმანდრიტ დანიელის ხელდასმით დაიწყო მსახურება. 

მამა ანდრიამ აფხაზეთის ომის დროს არაერთი ხეიბარი გადაარჩინა და ტაძარში შეიფარა. სვანებით დასახლებულ კამანში მაღლობზე მდებარე წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი ერთადერთი ეკლესია იყო, მაშინ აფხაზეთში ქართულად რომ ატარებდა წირვა-ლოცვას.

კამანის წმ. იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი აფხაზეთის ომამდე აღადგინა დიდებულმა აფხაზმა კაცმა იური ანუამ, რომელმაც არ მიატოვა მშობლიური სოფელი და სალოცავი. იგი მამა ანდრიასთან ერთად დახვდა ტაძარში მოძალადეებს. იური ანუა სასტიკად აწამეს და ისიც მოკლეს.

ამბობენ, რომ იური და მამა ანდრია ერთმანეთთან ახლოს არიან დაკრძალულები.

ვინც მამა ანდრია დახვრიტა, მან თურმე რამდენიმე დღეში მარჯვენა ხელი და ფეხი დაკარგა, მერე გარდაიცვალა კიდეც...

წმ. იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში ტყვეობაში მყოფმა იური ანუას შვილმა მანანამ მამა ანდრიას სიკვდილის შემდეგ მისი სამოსი ჩაიცვა. ის მონაზონი ეგონათ და ასე გადაურჩა სიკვდილს...

ღვთისმსახური და სპორტსმენი მამა ანდრია (პაატა ყურაშვილი) 27 წლის ასაკში შეეწირა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლას.

| Print |