რელიგია
,,მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის ადამიანთა ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს ვითარების დაძაბვას“ (ვიდეო)
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი საპატრიარქოს მიერ ადიგენის ოთხ სოფელში, ადგილობრივებისათვის მიწების წართმევის ფაქტს სიცრუეს უწოდებს. ფიქრობს, რომ მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს ვითარების დაძაბვას და ტემპერატურის აწევას.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ, კონკორდატის მე-11 მუხლის მიხედვით მიწები გადასცა საპატრიარქოს, ეპარქია მზად იყო ადგილობრივებს იმ მიწის ნაკვეთით კვლავ ესარგებლათ, თუმცა არქიმანდრიტი ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების მაგივრად ადგილობრივებმა მისთვის ზარალის მიყენება გადაწყვიტეს.

ზარზმის მონასტრის წინამძღვარის თქმით, რუქის მიხედვით მიწაში ჩადებული მილები, ხუთმა მომჩივანმა ადამიანმა სამჯერ ამოყარა. მხარეებს შორის დაწყებული დავა ამჯერად ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, 2002 წლის 14 ოქტომბერს, გაფორმდა.

კონკორდატის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია საპატრიარქოს საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი ნაწილობრივ აუნაზღაუროს.
შეთანხმების მე-11 მუხლით, საქართველოს სახელწიფომ, როგორც საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრემ, იტვირთა ვალდებულება ნაწილობრივ აენაზღაურებინა დადასტურებული მეტერიალური ზიანი, რომელიც ეკლესიას XIX-XX საუკუნეებში მიადგა:„სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე”.
| Print |