რელიგია
,,მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ," - მეუფე სტეფანე
სინოდის ხმაურიანი სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მისი წევრების რაოდენობა 47-დან 45-მდე შემცირდა. მეუფე პეტრეს გადაყენების შემდეგ მისი ადგილი ჭყონდიდის ეპარქიის მმართველის პოსტი წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა დაიკავა, ქუთაის-გაენათის ეპარქია კი მეუფე იოანეს ჩააბარეს.

"მეუფე პეტრემ არ დაგვიტოვა საშუალება, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება არ მიგვეღო და ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, იძულებული გავხდით, რომ ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. მეუფე პეტრემ უხამსობა ილაპარაკა. ჩვენ ვუხსნიდით, ვცდილობდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება, ეს არ არის მხილების ფორმა და არ არის გამართლებული საქციელი. მხილება განსხვავდება ცილისწამებისაგან იმითი, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი და მერე დასკვნა გაკეთებული. ცილისწამებაა, როცა ჯერ ამბობ და მერე პირდები საზოგადოებას რომ წარმოადგენ არგუმენტებს. ეს არ არის ღირსეული საქციელი. მეუფე პეტრე სულ მთლიანად არ მოკვეთილა, ჯერ საბოლოო დასკვნა სინოდის სხდომის ოქმში არ ასახულა. გათავისუფლებული არის მღვლედმთავრის მოვალეობისგან. ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა სხვა მღვდელმთავარი, მეუფე გრიგოლი, რომელიც იყო წალკის ეპისკოპოსი. მეუფე პეტრემ პატრიარქს არაერთგზის მიაყენა შეურაცხყოფა დ ეს იყო მთავარი თემა განხილვის,“
- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

სინოდის სხდომაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო - ამის შესახებ განცხადება ცაგერისა და ლენტეხის მღვდელმთავარმა მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გააკეთა. მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მას შემდეგ, რაც მის განყენებას მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს, პატრიარქს დაუპირისპირდა.

"როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა რომ ცუდადაა საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი ... რომ მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ,"
- განაცხადა მეუფე სტეფანემ.
| Print |