რელიგია
,,მეუფე პეტრე მონასტერში წავა" - მეუფე თეოდორე (ვიდეო)
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

"ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე,"
- ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ჭყონდიდის ეპარქია მეუფე გრიგოლ კაციამ გადაიბარა. ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ის ცოდვების მოსანანიებლად შიომღვიმის მონასტერში უნდა წავიდეს, არ ემორჩილება. მეუფე პეტრემ საკუთარი პოზიცია მარტვილში ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძესა და თავის შემცვლელ მეუფე გრიგოლ კაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოხატა.

ერთობლივი განცხადების გაკეთებამდე საქართველოს საპატრიარქოდან მარტვილში საგანგებოდ მივლენილი უმაღლესი სასულიერო პირები ეპარქიის სამღვდელოებას იმაში არწმუნებდნენ, რომ მეუფე პეტრეს წასვლით მათ სასულიერო ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება, თუმცა ყველას დარწმუნება ვერ შეძლეს. ჭყონდიდის ახალ მიტროპოლიტთან მსახურებაზე უარი განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ. ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სხვა სასულიერო პირებმაც მიიღონ.

მიტროპოლიტობიდან განყენებული მეუფე ამ დრომდე მარტვილში რჩება. პეტრე ცაავა ეპარქიაში საქმეების გადაბარების დასრულებამდე იქნება, შემდეგ კი, თუ პატრიარქმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა, შიომღვიმის მონასტრის ნაცვლად ის მისთვის სასურველ ტაძარში გააგრძელებს მსახურებას.

როგორც პეტრე ცაავა აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა.

„შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები. დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები,“ - განაცხადა პეტრე ცაავამ.

ირკვევა, რომ სხდომაზე განცხადება მეუფემ საკმაოდ ხმამაღალი ტონით გააკეთა, თუმცა ილია მეორეს ხელით არ შეხებია. სინოდის სხდომაზე სასულიერო პირებმა საეკლესიო 55-ე კანონით იხელმძღვანელეს და მეუფე პეტრე ჭყონდიდის მმართველობიდან გაათავისუფლეს, მას მღვდელმსახურება აეკრძალა და წმინდა სინოდის წევრობიდან გათავისუფლდა.

| Print |