რელიგია
შალვა ახალცხიელის სახელობის ტაძრის მშენებლობა, ბიუჯეტიდან დაფინანსდება


ახალციხეში, ცხრა აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ტაძრის მშენებლობას, ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს. დაგეგმილია, რომ თანხა, რაც დასრულებისთვისაა საჭირო, ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2020 წელს გამოყოს.

მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის დაფინანსება კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური ორგანიზაციების მუხლიდან მოხდება, სადაც 2020 წელს 200 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ მუხლიდან თანხა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე იხარჯება. ახალციხის მერიაში იმედოვნებენ, რომ მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

„ზუსტად ვერ გეტყვით რა თანხა გამოიყოფა, თუმცა ძირითადი ნაწილი ამ ტაძრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. ამდენი წელიწადია შენდება. ჩვენი მიზანია, არა მარტო ახალციხის ციხე იყოს ტურისტებითვის სასიამოვნო სანახავი, არამედ მთელი ქალაქი. რა თანხაც საჭირო იქნება ეკლესიის მშენებლობის დასრულებისთვის, ის გამოიყოფა. მანდ მარტო ეკლესია არ არის, ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი, ტროტუარი, გზა, ღობეა გასაკეთებელი“, - გვითხრა ახალციხის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ.

შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობა ადგილობრივმა ვასილ ივანიძემ 2009 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 2 მლნ. ლარი შეადგინა. ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ, მშენებლობა შეჩერდა. ტაძრის დასრულებას ეპარქია ცდილობს. 

ეკლესიის მშენებლობა ახალციხის მერიამ გასულ წლებშიც დააფინანსა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ას-ასი ათასი ლარი გამოეყო 2015, 2016 და 2017 წლებში. ამას რამდენჯერმე ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. 

ამავე თემაზე: 
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მოპირკეთებისთვის, ახალციხის მერიამ 100 000 ლარი გამოყო

მეუფე თეოდორე: “ეპარქიას წმ. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის ხარჯები არ ჰყოფნის”

| Print |