რელიგია
18 დეკემბერი ღირსი საბა განწმედილის ხსენების დღეა

 

18 დეკემბერს მართლმადიდებლები ღირსი საბა განწმედილის ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ საფარის მონასტერში, სადაც მთავარი ტაძარი წმინდა საბას სახელობისაა.

ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში, კაბადოკიაში, ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. წმინდანის მამა მხედართმთავარი იყო. იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის საბა კი ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად. მისი მამის ქონების გამო სანათესაოში შფოთი და მტრობა ჩამოვარდა. რვა წლის საბამ ყველაფერი მიატოვა და ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. აქ მან მარხვაში 10 წელი გაატარა, რითაც უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. შემდეგ იერუსალიმს მიაშურა და რამდენიმე მონასტერში ცხოვრობდა.

უფლის ბრწყინვალე ანგელოზის გამოცხადების შემდეგ წმინდა მამა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრდა. მალე მის გარშემო ბერები შემოიკრიბნენ და დიდი ლავრა შეიქმნა.

წმ. საბა განწმენდილი მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდის დასაცავად იბრძოდა. იგი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა წამოვიდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა. ნეტარს მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ.

წმიდა საბამ საკუთარი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა. იგი 532 წლის 5 დეკემბერს აღესრულა. წმინდანი განსაკუთრებით ოჯახების მფარველად მოიხსენიება და მას ასევე შვილიერებისთვის ევედრებიან.

 

| Print |
თეგები: საბაობა /