რელიგია
ახალციხეში სომხურმა თემმა „ბროწეულის კურთხევის“ დღე აღნიშნა (ვიდეო)
პირველ იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია „ბროწეულის კურთევის“ დღესასწაულს აღნიშნავს, რაც „სიცოცხლეს“ ნიშნავს. თარიღი სომხეთის კათალიკოსის, გარეგინ მეორის ხელმძღვანელობით და კურთხევით ექვსი წლის წინ დაწესდა.

საზეიმო წირვა ახალციხის გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში 31 დეკემბერს, შუა ღამით იწყება. ღამის პირველ საათზე მრევლი და სასულიერო პირები ჯერ ბროწეულს აკურთხებენ, შემდეგ კი „მადლიერების წირვას“ აღასრულებენ.

"ჩვენს ტრადიციაში არის ისტორია ბროწეულთან დაკავშირებით, როცა სომეხთა გენოციდის დროს ჩვენი ხალხი უდაბნოში, სხვადასხვა მიმართულებით იყო გახიზნული. ერთი ქალი იყო, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავდა კალთაში. მას ჰქონდა მხოლოდ ერთი ბროწეული და მთელი წლის მანძილზე, სანამ უდაბნოდან გამოვიდოდა, ყოველ დღე ერთ მარცვალ ბროწეულს აჭმევდა საკუთარ შვილს, რათა არ მომკვდარიყო. როცა დასრულდა უკანასკნელი მარცვალი, ქალი გამოვიდა უდაბნოდან.
ამ ისტორიამ ჩვენამდეც მოაღწია და ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ამ დღეს ახალ წელთან ერთად აღვნიშნოთ „ბროწეულის კურთხევაც.

ამ საღამოს, გარდა „ბროწეულის კურთხევისა“, ტარდება „მადლიერების წირვა“. მადლობას ვუხდით უფალს სიცოცხლისთვის და ძალას ვითხოვთ, რომ ეს ახალი წელი ჯანმრთელი სულით და სხეულით ვიცხოვროთ.

ახალციხის სომხური თემი ახალ წელს სახლებში შეხვდება, შემდეგ კი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესიაში გადაინაცვლებს.

ვავედრებთ უფალს ჩვენი ერს, ეკლესიის და რა თქმა უნდა, ქართველი ერის დაცვას, ვისთანაც როგორც ქრისტიანი, ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობთ. ყველას ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ მშვიდობას, სიყვარულს ყველას ოჯახებში, გულებსა და სულებში. ვიყოთ კაცთმოყვარე, კეთილი, კურთხეული როგორც უფალია და რაც მთავარია, ვიყოთ კარგი ადამიანი, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, დავეხმაროთ და განსადელში არასოდეს არ მივატოვოთ“,
- ასე დალოცა საქართველოს მოსახლეობა მღვდელმა თორგომმა.


| Print |