რელიგია
რვა თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დავით აღმაშენებელმა მეფის ტახტი 1089 წელს, 16 წლის ასაკში დაიკავა და 36 წლის განმავლობაში მეფობდა. მან დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა.

მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

წმინდა მეფემ საქართველო თურქთაგან გაათავისუფლა. მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად კი ყივჩაღეთიდან 40 ათასი მეომარი ჩამოიყვანა.

1121 წელს მეფე დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400–წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი დაიბრუნა.

მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.

მეფე 53 წლის ასაკში, 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.

ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დაადგინა.

 

| Print |