რელიგია
მირქმის დღესასწაულზე ლამპრობის ტრადიცია აღდგება
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მირქმის დღესასწაულზე ლამპრობის ტრადიცია აღდგება. ამის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის დეკანოზმა გიორგი ქურდაძემ, დღევანდელ ქადაგებაზე აღნიშნა.

წირვის დასრულებისას, დეკანოზმა სანთლები აკურთხა და ანთებული კელპატრებით მრევლთან ერთად წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარს ლოცვითა და გალობით შემოუარა.

გადმოცემის მიხედვით, 528 წელს ანტიოქიაში შავი ჭირი გავრცელდა, 542 წელს კი, იუსტინიანეს მმართველობის დროს, კონსტანტინოპოლში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რა დროსაც ბევრი ადამიანი გარდაიცვალა.

ორივე შემთხვევაში, წმინდა მამებს ჰქონდათ გამოცხადებები, რომ განსაცდელის შესაწყვეტად საჭირო იყო მირქმის დღესასწაული ჩატარებულიყო ლიტანიობით.

სწორედ მეექვსე საუკუნიდან დაედო საფუძველი მირქმის დღესასწაულის ლიტანიობით ჩატარებას.

ლამპრობის ტრადიცია საქართველოში ძირითადად, სვანეთსა და გურიაში შემორჩა.

ლამპრით, ანუ ანთებული სანთლით უფალთან მიგებება სიმბოლურად ნათელთან მიგებებას ნიშნავს.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, რომ ტრადიცია სრულიად საქართველოში აღდგეს.

| Print |