დღის ფრაზა
,,ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს" - ბარბარე ჯორჯაძე
საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობისა თუ მკვლელობის გახშირებული ფაქტები ჯერ კიდევ საუკუნის წინ იყო ქართველი ქალებისა და ინტელიგენტური საზოგადოების მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. 100 წლის წინ, საქართველოში არსებობდნენ ქალები, რომლებიც იმდროინდელი მძიმე ისტორიული კონტექსტის პირობებშიც კი იბრძოდნენ ქალთა თანასწორობისა და ემანსიპაციისთვის.

ილია ჭავჭავაძე ქალთა განათლების საკითხს საერთოდაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, ამიტომ მას მხედველობიდან არ გამოპარვია სტატია, რომელიც 1889 წლის 4 მარტს „ივერიაში“ დაიბეჭდა სათაურით: „საზოგადოების საყურადღებოდ“ (ავტორი დღემდე უცნობია), რომელშიც საუბარი კვლავ ქალთა განათლების პრობლემებზეა.

ავტორი მოუწოდებდა ბანოვანებს, ეკისრათ ქალთა სასწავლებლის გახსნა და საკუთარი განათლების ხელმძღვანელობა, ამით ისინი შეძლებდნენ, თავი დაეღწიათ საზოგადოებაში დაკანონებული ისეთი დანიშნულებისაგან, როგორიცაა მხოლოდ დედობა, ცოლობა, დობა. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ილიას ქალის საპატიო მოვალეობად მიაჩნდა, მაგრამ ქალის დანიშნულების მხოლოდ ამით ამოწურვა - უსამართლოდ, რადგან ქალს შეეძლო ეაქტიურა საზოგადოებრივ ასპარეზზე. ილიას აზრით, მხოლოდ განათლების მიღებით შეძლებდა ქალს დაემტკიცებინა, რომ მამაკაცის მსგავსად შეუძლია, შეასრულოს ყოველი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ფუნქცია და, ამავე დროს, იყოს საუკეთესო დედა, ცოლი, და.

ბარბარე ერისთავი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე საჯაროდ ალაპარაკდა. ის 12 წლის გაათხოვეს. წერა-კითხვა ძიძამ შეასწავლა და ამის მეტი განათლება მას არც მიუღია. ბარბარე ჯორჯაძე წერილში ”ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ” ყურადღებას ამახვილებს ქალთა თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია 1893 წელს "კვალში" გამოქვეყნებული მისი წერილი. სტატიაში - „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“ ბარბარე ჯორჯაძე ქალთა ჩაგრულ მდგომარეობას აღწერს. ასეთი მდგომარეობის მთავარ მიზეზად კი მიაჩნია, რომ ქალებს არ შეუძლიათ სრულფასოვანი განათლების მიღება და მაშინდელი მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრება, კაცების დარად მოღვაწეობა და საკუთარი ბედის დამოუკიდებლად წარმართვა.


,,პირველიდანვე დაწყებული, ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის. ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავისი ამხანაგი ყოველი გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ჩასძახოდენ, “შენ რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი, ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ. ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო, სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო” - წერდა ბარბარე ჯორჯაძე.

კიდევ ერთი ქართველი ქალი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას ითხოვდა კატო მიქელაძეა. ის 1878 წელს ქუთაისის მაზრაში დაიბადა. 900-იანი წლების დასაწყისიდან კატო საცხოვრებლად და სამუშაოდ ჯერ გორში, შემდეგ ცხინვალში გადადის. გორში ბიბლიოთეკა დააარსა, ცხინვალში კი ის მესამე დასელებს დაუახლოვდა და რევოლუციურ საქმიანობაში ჩაება. საიდუმლო ჯგუფი, რომელშიც კატო მიქელაძე გაერთიანდა, ძირითადად არალეგალური ლიტერატურის გავრცელებით იყო დაკავებული.

კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი ლიდერობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ "ხმა ქართველი ქალისა".

,,მთელი ისტორია არის ისტორია მამაკაცებისა, მათი ომებისა და რევოლუციისა, მათი შუღლისა და ამბოხებისა, სადაც მდედრობითი სქესი პოლიტიკურ და მოქალაქურ ცხოვრებაში უკანასკნელ ხანამდე არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა”, – თითქმის ერთი საუკუნის წინ ამბობდა კატო მიქელაძე.
| Print |