რელიგია
დღეს "კორკოტობა" - მიცვალებულთა მოხსენიების დღეა

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 22 თებერვალს ხორციელ შაბათს აღნიშნავს და გარდაცვლილებს იხსენიებს. "კორკოტობა“ არის მიცვალებულთა მოხსენიების დღე, როცა ვამზადებთ კორკოტს ან წანდილს (კოლიოს). ტრადიცია სათავეს ძველი დროიდან იღებს. 

იულიანე განდგომილმა, კონსტანტინეპოლის მეფემ, უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი , ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იხმევდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის შემწიკვლებას (დარღვევას). მას შემდეგ დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული და მორწმუნეები კოლიოს, ანუ წანდილს ხარშავენ.

იქიდან გამომდინარე , რომ პურის მარცვლის კულტურა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, ამზადებდნენ კორკოტს - ანუ, პურის მარცვლის ფაფას. კორკოტი , ძირითადად, ახალ წელსა და მიცვალებულთა ხსენების დღეს მზადდებოდა.

 

| Print |