რელიგია
,,გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის" - მეუფე ნიკოლოზი
რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა და ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია.

„მგონი, კითხვაც არ უნდა ვის შეიძლება პატრიარქი გულისხმობდეს და ვინ ებრძვის 40 წელი. 40 კი არა 7 ათასი წელია ეშმაკი ებრძვის ადამიანს. კონკრეტულად ვისი ხელით ებრძვის ეს სხვა საკითხია. ეკლესიას ებრძვიან, ეს ხომ ცხადია?! მანდ ორი აზრი არ არსებობს.

60 წელზე მეტია პატრიარქი სასულიერო პირია და სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი. რა თქმა უნდა, პატრიარქმა იგულისხმა კონკრეტული ადამიანები, მაგრამ ეს ადამიანები იცვლებიან.

40 წლის წინ ვინც ებრძოდა კონკრეტულად ისინი დღეს აღარ არიან. დღეს ვინ იგულისხმა ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ ვინ დგას მათ უკან, ეს სხვა საკითხია. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ კავშირი აქვთ იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ეს ინფორმაცია მიაწოდონ.

მე არ მაქვს ასეთი კავშირი არავისთან და ფარული ინფორმაციები არ გამაჩნია. მე შემიძლია გითხრათ რომ რაც ხდება, ამის ანალიზი გავაკეთო და ვთქვა, რომ პატრიარქს ებრძვიან ნამდვილად. ვინც ებრძვის, იმან უკვე გამოაცხადა თავისი თავი, გამოააშკარავა"
,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, იგულისხმა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებში, მეუფემ განაცხადა: “ეს მინიშნება არ არის, რა ასე არ არის? გამოვალ, გამოვაქვეყნებ, თუ არ გამოვალ მაინც გამოვაქვეყნებო, მეტი რა უნდა გამოაქვეყნონ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პატრიარქი მისი შეწყალების წინააღმდეგი არ არის.

"არავითარ შემთხვევაში არ არის შეწყალების წინააღმდეგი. მარკოზის სახარებაში ასე წერია, გველს ხელში აიყვან და ზიანს ვერ მოგაყენებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ადამიანებს არ ვუკრძალავთ მოქმედებას ისე, როგორც მათ მიაჩნიათ. მიუხედევად იმისა, რომ ვიცით, ადამიანები ზიანს მოგვაყენებენ, ჩვენ მაინც ვეხმარებით - მშიერს მივცემთ საჭმელს, მწყურვალს წყალს დავალევინებთ, თუ სცივა, ტანსაცმელს ჩავაცმევთ, მაგრამ რომ ჩაიცვამს და გათბება მოვა და გვიკბენს. თუმცა, ეს ნაკბენი ვერ დაგვაზიანებს, ამიტომ ყველას შევიწყალებთ, ყველას მოვექცევით ქრისტიანულად, მერე თვითონ გადაწყვიტოს ვინ არის, გამთბარი ადამიანი თავს დაგვესხმება, თუ პირიქით, მხარში ამოგვიდგება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფემ ისაუბრა პეტრე ცაავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მოქმედებებიც პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„ვინ შეაგინა პატრიარქს საჯარო სივრცეში შეგიძლიათ ორი ადამიანი დამისახელოთ? ეს მინიშნებაა? „კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და გვარს არ დავასახელებო“ ისე კი არ ვიძახი, ეს მინიშნება არ არის, მაგრამ კონკრეტული სიტყვების თქმა არ მინდა. პიროვნების მიმართ ზიზღი არ მაქვს, ვლაპარაკობ მის მოქმედებაზე, გინებაზე საჯარო სივრცეში, ეს ბრძოლა არ არის? არ არის ეს საშინელი მოქმედება? არ არის ფანტასტიკური დეტექტივის სიუჟეტი, როცა უცებ ასეთ საშინელებას იტყვი? ეს არის ბრძოლა! 42 წლის წინ რაც იყო ამაზე აღარ ღირს საუბარი. ფიზიკური თავდასხმები იყო პატრიარქზე“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ".

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას ასევე განაცხადა.

,,მე უნდა გითხრათ, რომ გუშინ ტელევიზორი საერთოდ არ ჩამირთავს, დატვირთული დღე მქონდა და ინფორმაცია არ მიმიღია. თუ ადამიანი არ ხარ საქმის კურსში, უმადური საქმეა კომენტარის გაკეთება - ეს ერთი, მეორე - კათოლიკოს პატრიარქი, ყოველთვის, 42 წელიც და მანამდეც და დღესაც, მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა და რის თქმასაც საჭიროდ თვლის. ამიტომ, ალბათ, თუ რამე კომენტარის გაკეთება შეიძლება, ალბათ, თავად უფრო უკეთესად განმარტავდა, რომ საჭიროდ მიაჩნდეს. მესამე, ჩვენს რეალობაში, ჩვენ, მე პირადად, კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებები არის იგივე კომენტარი, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო ცოტა უხერხულია, არის ადამიანები, ვინც ამას გააკეთებენ. ადამიანის ბიოგრაფიაში დგება დრო, როცა უკვე ყველა აკეთებს კომენტარს და საზოგადოდ ერთიანობაში აფასებს ადამიანის მოღვაწეობას, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
| Print |