რელიგია
,,მქონდა ხილვა, რომ ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე" - ილია მეორე
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამტკიცებს, რომ ხილვა ჰქონდა, სადაც ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადაუფრინა, შემდეგ კი მასთან ბავშვი მივიდა, რომელმაც მიწა დანერწყვა, თითით აზილა და შუბლზე წაისვა.

ილია მეორეს თქმით, ეს იყო ნიშანი, რომ ადამიანი კორონავირუსზე გაიმარჯვებს. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

,,მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი გაძლებისათვის", - თქვა ილია მეორემ.

ამასთან, საკვირაო ქადაგების დროს ილია მეორემ ასევე თქვა, რომ კორნავირუსის გავრცელება ღვთის გარეშე არ მოხდებოდა და მას ლოცვით დავძლევთ.

,,რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ, სად შავია და სად თეთრია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა? ღვთისაგანაა თუ ბოროტისგანაა, ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით, ღვთის ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს", - თქვა ილია მეორემ.
| Print |