რელიგია
"ზიარების ბარძიმს რომ მივუახლოვდები..." - დეკანოზი თამაზ ლომიძე კორონავირუსის შესახებ
დეკანოზი თამაზ ლომიძე ზიარების საიდუმლოსა და კორონა ვირუსის გამო შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება, დეკანოზის თქმით მას ზიარების დროს ყოველთვის ახსენდება ერთი მაგალითი სახარებიდან, რომელიც იესოსა და კეთროვანი კაცის შესახებ მოგვითხრობს. რა კავშირია ამ ფაქტსა და დღევანდელ რეალობას შორის ამის შესახებ მამა თამაზის პოსტიდან გაიგებთ.

,,ზიარების ბარძიმს როცა მივუახლოვდები...

მიუხედავად იმის, რომ იესო ქრისტე აუქმებს იერუსალიმის ტაძარზე მიჯაჭვულ ღვთის თაყვანისცემას და ამბობს, რომ ახლა სულით და ჭეშმარიტებითაა თაყვანისცემა საჭირო და ადამიანისთვის მთავარია იმ სულთან და სიტყვასთან ზიარება, რომელიც ზეციდან ჩამოსულმა მოუტანა მათ, მაინც, უფალი მისი მორწმუნეებისთვის ამქვეყნად ტოვებს ზიარების პურსა და ღვინოს, რომელსაც უწოდებს საკუთარ სისხლსა და ხორცს, რომელთანაც გააზრებული და შეუეჭევებელი რწმენით ზიარებისას, ადამიანი ეზიარება ღმერთს: - "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში." (ინ. 6,56) და ასევე "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს." (ინ. 6,54)

სახარებაში მრავალ ადგილასაა ნახსენები, რომ ხალხი გუნდ-გუნდად დაჰყვებოდა იესოს, ზედ აწყდებოდნენ, ცდილობდნენ შეხებოდნენ და კურნება მიეღოთ. უფალიც თავს არ არიდებდა მათ, რჩებოდა მათთან, შეიწყნარებდა, ჰკურნავდა და ტვირთულობდა მათ უძლურებას.

საგულისხმოა იესოს შეხვედრა კეთროვნებთან. კეთრი (Lepra, lat.) უმძიმესი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც უკურნებელ სენად ითვლებოდა იმ დროს. უფრო მეტიც, იუდეველები კეთროვანს ცოცხალ მკვდრად თვლიდნენ. სასტიკად აკრძალული იყო არა თუ კეთროვანთან მიახლოვება, არამედ მათ ქალაქის გალავანს შიგნითაც არ ჰქონდათ შესვლის უფლება. თუ ვინმე კეთროვანს შეეხებოდა, თვითონაც ინფიცირებულად ითვლებოდა და მასაც ეკრძალებოდა ხალხთან კონტაქტი. არავის შეეძლო კეთროვნის განკურნება გარდა ღმერთისა და მისგან მოსული მესიისა, რომელსაც იუდეველნი მოელოდნენ.

და აი, ქალაქ კაპერნაუმთან, მთაზე ქადაგება რომ დაასრულა იესომ, ჩამოვიდა მთიდან და გაჰყვა მას დიდძალი ხალხი. აქ შემოხვდა მას ერთი კეთროვანი კაცი, კურნება სთხოვა და უთხრა: თუ გნებავს, შეგიძლიაო განწმენდა ჩემი. ქრისტე კი, ადამიანის სიყვარულის გამო, სამაგალითოდ სჩადის აკრძალულ საქმეს. ხელი გაიწოდა, შ ე ე ხ ო კეთროვანს და უთხრა: მნებავს, განიწმინდე! და იმ წამს განიკურნა მძიმე სნეული. ქრისტემ კი ხალხით გარშემორტყმულმა გააგრძლა გზა კაპერნაუმისკენ, არავინ გარიდებია მას, როგორც ინფიცირებულს, არავის შეშინებია მის გვერდით ყოფნა დაავადების შიშით და კვლავ მისგან კურნების და სიცოცხლის მომლოდინენი რწმენით მისდევდნენ მას. (მთ. 8,1-4)

ზიარების ბარძიმს რომ მივუახლოვდები, სულ ეს შემთხვევა მახსენდება და უფლის სისხლისა და ხორცისგან მხოლოდ სიცოცხლეს და კურნებას ველი.

დეკანოზი თამაზ ლომიძე".
| Print |