რელიგია
COVID19 - ის გამო შეცვლილი ვითარება ტაძარში
დაახლოებით ერთმეტრიანი დისტანცია, ერთჯერადი ჭიქები სიტკბოების მისაღებად, ხმის გამაძლიერებლები ტაძრის ეზოში და სვრის ლოცვა პანდემიის წინააღმდეგ - კორონავირუსის ინფექციის გამო ახალციხის, წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა.

,,ჩვენ ვითვალისწინებთ და ვემორჩილებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც მედიკოსები და მთავრობა გვთავაზობენ, სწორედ ამიტომ, ტაძარში მოქცევის წესებს დაემატება გარკვეული ელემენტები, რათა დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და ვიზრუნოთ სხვაზე" - ამ სიტყვებით მიმართა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს.

მეუფის მოწოდების შემდეგ, მრევლი გაიყო და ჯვრისთაყვანისცემის სადღესასწაულო წირვას ნაწილი ტაძარში, ნაწილი კი ეზოში ხმის გამძლიერებლით ისმენდა.

დღესვე, მიტროპოლიტმა თეოდორემ, მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ყოველდღიურად წაიკითხონ შვიდგზის ლოცვები, მამაო ჩვენო, ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ და მოწყალებისა კარი განგვიღენ.

წირვის დასასრულს, კი მრევლს ნაკურთხი წყალი კიდევ ერთხელ ასხურა და რეკომენდაციების სრულყოფილად დაცვისკენ მოუწოდა.

,,დარჩით სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოდით გარეთ. დავემორჩილოთ ყველა რეკომენდაციას, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ პანდემია" - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

| Print |