რელიგია
ახალციხის ტაძრებში მრევლის დისტანცირებისთვის ნიშნულები განათავსეს

ახალციხის მართლმადიდებლურ ტაძრებში იატაკზე ნიშნულები განათავსეს. ორმეტრიანი დისტანციით დაკრული თეთრი ნიშნულები მრევლის დისტანცირებისთვის დაიკრა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკლესია ითვალისწინებს სპეციალისტთა რეკომენდაციებს და წირვა-ლოცვასა და შვიდგზის ზეთისცხების ლოცვას ორმეტრიანი დისტანციით დაცულ ტაძრებსა და მის ეზოებში ატარებს. ტაძრების ეზოში ხმის გამაძლიერებლები განთავსდა, რომელსაც აქამდე მხოლოდ დიდი დღესასწაულებისთვის იყენებდნენ.

მრევლის გარდა, 2 მეტრიან დისტანციაზე, თეთრ ქაღალდზე დგომა მოუწევთ სასულიერო პირებსა და მედიის წარმომადგენლებს.

გასულ კვირას თითქმის ყველა ტაძარში მრევლს შორის დისტანცია დაცული იყო. ადამიანები ღვთისმსახურებას 2 მეტრიანი დისტანციით იცავდნენ, პროცესს კი სტიქაროსნები აკვირდებოდნენ. ტაძრების ნაწილში წირვის ხმა ღია ცისქვეშ ისმოდა.

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტაძარში მსახურებაზე დასწრება შეეზღუდებათ მათ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზი ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულება ტაძრებში სინოდის სხდომის ოქმის გამოქვეყნებისთანავე დაიწყეს.

| Print |