რელიგია
წმ.ცეცხლის გადმოსვლისთვის მზადება შუადღიდან დაიწყება
საქართველოს დროით, წმ. ცეცხლის გადმოსვლისთვის მზადება შუადღით, დაახლოებით 14:00 სთ-თვის იწყება.

,,ამ დროს, იერუსალიმის პატრიარქი უფლის საფლავზე შედის და ცეცხლის გარდამოსვლას ევედრება უფალს. იმედი გვაქვს, რომ ცეცხლი წელსაც გადმოვა და სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე და ეს მუდმივად ასე იქნება" - აღნიშნა წირვის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლა ხდება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ყოველ წლიწადს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეს, შაბათს.

ორი ათასი წლის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც ამ დიდებულ დღესასწაულს ხვდებიან მაცხოვრის საფლავზე, მოწმენი ხდებიან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის.

იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარი-ეს არის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს ქრისტეს ჯვარცმის ადგილს გოლგოთის მთაზე; მაცხოვრის საფლავის ტაძრის ტერიტორიაზე არის რამოდენიმე მოქმედი მონასტერი, რომელიც მოიცავს ბევრ დამხმარე ნაგებობებს, გალერეას და ასე შემდეგ...

მთელი ქრისტიანობის არსებობის განმავლობაში ამ სასწაულის მოწმენი ხდებიან არა მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ კათოლიკები, გრიგორიანელები და სხვა ქრისტიანობის მიმდევრები.

მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, პირველდ წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი გაანათა ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომამდე. ამ სასწაულის მოწმე იყო მოციქული პეტრე.
სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრირქ ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს და სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტონიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

დაახლოებით ქრისტეს აღდგომამდე ერთი დღით ადრე იწყება საეკლესიო ცერემონიალი. იმისათვის, რომ ეს სასწაული იხილონ, მაცხოვრის საფლავთან ხალხი უკვე გროვდება წითელი პარასკევიდან.

შაბათს, დღის მეორე ნახევრიდან აქრობენ ყველა სანთელს და კანდელს.

ზეთით სავსე კანდელს, ოღონდ ჩამქრალს დებენ მაცხოვრის საფლავთან.

დაახლოებით 13 საათზე იწყება ლიტანიობა. პატრიარქი შედის ტაძარში. ამ დროს ტაძრის სხვადასხვა მხრიდან სინათლის სხივები კრთის. მას შემდეგ რაც წმინდა ცეცხლი გადმოდის და ანთებს კანდელს, საფლავის კარებს აღებენ და პატრიარქი ლოცავს იქ დამსწრე ქრისტიანებს და ურიგებს წმინდა ცეცხლეს. თავიდან ეს ცეცხლი არ არის მხურვალე და იგი ხელს არ წვავს.

მოგვიანებით, ზეციური ცეცხლით მთელს იერუსალიმში ანთებენ სანთლებს და კანდელებს. საქართველოდან წასულ წარმომადგენლებსაც ჩამოაქვთ ეს წმინდა ცეცხლი. წმინდა ცეცხლს მომლოცველები გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ საქართველოში.

ზეციური ცეცხლი ყველასთვის ხელმისაწვდომია.


დღეს, იერულსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიბელური ეკლესიების 15 წარმომადგენელი დაიშვება.

რაც შეეხება წმინდა ცეცხლს, მას სხვადასხვა ქვეყანაში სპეცრეისებით წაიღებენ, თუმცა თვითმფრინავში მყოფ პირებს ბორტის დატოვების უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ადგილზე მიაწოდებენ.

წმინდა ცეცხლს წააბრძანებენ საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და რუმინეთში.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საბერძნეთის ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პანდემიისგან გამოწვეული რისკების გამო, ცეცხლი საბერძნეთის ტაძრებში აღდგომის ღამით არ გადანაწილდება და ის ათენში დარჩება.
| Print |