რელიგია
კათოლიკურ ტაძრებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგა

 

ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მეოთხე დეკრეტის მიხედვით, კათოლიკე მრევლს წირვაზე დასწრება 17 მაისიდან შეუძლია. კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის მეუფე ჯუზეპე პაზოტოს განკარგულების მიხედვით, ღვთისმსახურებაზე დასწრება შესაძლებელია სავალდებულო წესების დაცვის შემთხვევაში.
  • ტაძარში შესვლამდე გავიკეთოთ პირბადე და დავიმუშავოთ ხელები (შესასვლელთან დაგხვდებათ საჭირო მასალა);
  • ტაძრის შესასვლელში კვლავაც არ იქნება ნაკურთხი წყალი. ვისაც სურს, შეუძლია სთხოვოს მღვდელს და ნაკურთხი წყალი ბოთლით წაიღოს სახლში. მღვდელს შეუძლია გამოიყენოს ნაკურთხი წყალი მორწმუნეთა სასხურებად წირვის დასაწყისში;
  • ტაძარში დაიცავით სულ ცოტა ერთი მეტრის დისტანცია (ადგილები დანიშნული იქნება);
  • ყოვლადწმიდა ზიარების მისაღებად მორწმუნეები ჩადგებიან რიგში ერთი მეორისგან 1 მეტრის დაშორებით. ზიარებას ვღებულობთ ხელის გულზე, როგორც უკვე გეცნობათ;
  • თუკი ყველა მსურველი ვერ მოთავსდა ტაძარში, ხალხის სიმრავლის გამო, დარჩნენ ტაძრის ეზოში სადაც მეგაფონებით მოისმენენ წირვას. პირველი კვირის გამოცდილება გამოგადგებათ მომავლისათვის;
  • საჯარო ღვთისმსახურების შემდეგ მოხდეს იმ მერხების ჰიგიენური დამუშავება სადაც მორწმუნენი ისხდნენ;
  • ლიტურგიის ბოლოს პირველები უნდა გავიდნენ ბოლო რიგები, რათა ხალხის შექუჩება არ მოხდეს;
  • მონანიების საიდუმლო არ მოხდეს სააღმსარებლოში, არამედ ღია სივრცეში.

„ამ გადაწყვეტილების შესახებ გატყობინებთ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება თითქმის ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გვსურს თანდათანობით აღვიდგინოთ ეკლესიური ცხოვრების რიტმი.
ამ ნაბიჯს ვდგამთ დიდი სიფრთხილით და წინადახედულობით! იმ მორწმუნეებს, რომლებიც ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკის ქვეშ არიან და გრძნობენ სისუსტეს, შეუძლიათ დარჩნენ სახლში, სავალდებულო წირვისაგან თავისუფლები და ლოცვაში ან წმიდა წირვაში ჩაერთონ «საბამედიას» საშუალებით“,
- წერია დეკრეტში.

კათოლიკე ეკლესიამ საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა მიიღო დეკრეტი ლიტურგიებზე მორწმუნეთა არდასწრების შესახებ. წირვა, მათ შორის დიდი დღესასწაულები ცარიელ ეკლესიებში აღნიშნეს. 

კორონავირუსის პრევენციისთვის, ჯუზეპე პაზოტომ ზიარების წესი, ჯერ კიდევ მარტის
თვეში შეცვალა.
| Print |