რელიგია
აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებას ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აპროტესტებს, რომის პაპი კი ,,ძალიან დამწუხრებულია"
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს.

,,აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს, გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ"- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წერილში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკვე გაეგზავნა.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით კი, აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების შეფასებები ვერ შეცვლის და ანკარის ეს ნაბიჯი თურქი ხალხის სურვილსა და მოთხოვნას ეფუძნებოდა.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ყველაზე დიდი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციაა, რომელიც 1948 წელს ამსტერდამში დაარსდა. მისი წევრი 350 ქრისტიანული ეკლესიაა და 500 მილიონზე მეტ ქრისტიანს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აია-სოფია მეჩეთად სცნო. შესაბამისად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტაძარს მუზეუმის სტატუსი აღარ ექნება. 

რომის პაპი ფრანცისკე „ძალიან დამწუხრებულია“ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა, რომელსაც მანამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა.

მე ვფიქრობ სტამბოლზე, ვფიქრობ აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ“, - განაცხადა პაპმა კვირის ტრადიციული ქადაგებისას ვატიკანში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.


ამავე, თემაზე:
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, რაც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, ის მეჩეთად გადააკეთოს
| Print |