რელიგია
მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ
ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანისთვის აღდგომას. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მუსლიმებმა, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ, ყურბან-ბაირამი (არაბულად იიდ-ალ ადჰა) ერთმორწმუნე მსოფლიოსთან ერთად წელს 31 ივლისს აღნიშნეს. მსხვერპლშეწირვას მუსლიმები მთვარის კალენდრის, ზულჰიჯას თვის მეათე დღეს ზეიმობენ. დღესასწაული, მექაში პილიგრიმობის, ჰაჯის კულმინაციურ ეტაპს წარმოადგენს. ყოველწლიურად იიდ-ალ ადჰას დღესასწაულზე დასასწრებად საუდის არაბეთში მილიონობით მომლოცველი ჩადის. 

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს ცნობილ ბიბლიურ სიუჟეტში იღებს, რომელიც აბრაამის მიერ, მისი შვილის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობაზე მოგვითხრობს. თუმცა პირველ პატრიარქ აბრაამის ნაცვლად, ყურანი წინასწარმეტყველ იბრაჰიმს იხსენიებს. მას სამსხვერპლოზე უფროსი შვილი, ისმაილი მიჰყავს და არა ისააკი – რომელიც ყურანის მიხედვით, იბრაჰიმის მეორე შვილია. მუსლიმთა წმინდა წიგნი გვიამბობს, რომ იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი – კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა წინასწარმეტყველს – ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე მუსლიმი მამაკაცები მზის ამოსვლისთანავე კითხულობენ თაქბირს, ალაჰის განდიდების ლოცვას, რომელიც გრძელდება მეორე და მესამე დღესაც, ყოველდღიური ხუთჯერადი ლოცვის შემდეგ. ვინაიდან სრულიად მუსლიმთა კრებულისთვის, ლოცვა უმნიშვნელოვანეს გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს, სასურველია მან კრებულთან ერთად განადიდოს ღმერთი. სწორედ ამიტომ, თაქბირს კითხულობენ არა მხოლოდ სახლსა და მეჩეთში, არამედ ქუჩებსა და მოედნებზე. ალაჰს კაცები ხმამაღლა განადიდებენ, ხოლო ქალები – ჩუმად. ამ დღეს მუსლიმი ადრე უნდა ადგეს, განიბანოს, ჩაიცვას საუკეთესო ტანსაცმელი და მეჩეთში დილის ღვთისმსახურებაზე წავიდეს.

მუსლიმებს სწამთ, რომ ალაჰისადმი უზენაესი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად ამ დღეს ყოველმა მორწმუნემ უნდა შესწიროს შინაური ცხოველი. თუ ცხონება გსურს, აუცილებელია სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოილოცო მექა და სწორედ აქ, ალაჰისადმი მორჩილების გამოხატვისა და მისი კაცთმოყვარეობის მოხსენების ნიშნად შესწირო ყურბანი. თუმცა, რადგან ყველა მუსლიმს არ შეუძლია ამ წესის აღსრულება, დაშვებულია მსხვერპლშეწირვა იქ, სადაც ეს მოუხერხდებათ. ღრმადმორწმუნე მუსლიმები დღესასწაულის დადგომამდე ათი დღით ადრე საკუთარი სურვილით მარხულობენ, დაწყებამდე სამი კვირა მხიარულებისგან თავს იკავაბენ, ხოლო ერთი კვირით ადრე დღესასწაულის სამზადისს შეუდგებიან. მსხვერპლი უნდა შეიწიროს ლოცვის შემდეგ და არავითარ შემთხვევაში ლოცვამდე – რაც, მათი რწმენით, ცხადყოფს, რომ უპირველესად ალაჰს არა საკლავი, არამედ მუსლიმთა გულები სჭირდება.

დღესასწაულის სახელწოდებიდან გამომდინარე, ყურბან-ბაირამობის განსაკუთრებული რიტუალები სწორედ საკლავთან არის დაკავშირებული.

შეწირულ ცხოველს არ უნდა ჰქონდეს "დეფექტი", ანუ საჭიროა ჩლიქოსანი ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყოს. ამასთან, დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც. მაგალითად, ცხვარი ასაკით 6 თვეზე ნაკლების არ უნდა დაიკლას, თხისა და მსხვილრქიანი ცხოველების შემთხვევაში კი მინიმალური ასაკი ორი წელია. აღსანიშნავია, რომ ერთი ცხოველი შეიძლება შეიწიროს მთელი ოჯახის სახელით. მაგალითად, ადამიანი მიიყვანს ცხოველს სამსხვერპლოსთან და როგორც წინასწარმეტყველი მუჰამედი წარმოთქვამდა, გაიმეოროს: ,,ეს მსხვერპლი არის ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და მათთვის ჩემი კრებულიდან, ვინც არ შესწირა მსხვერპლი".

მუსლიმური ტრადიცია ამბობს, რომ შესაწირის სისხლის მიწაზე დაცემასთან ერთად, მორწმუნეს ცოდვები მიეტევება. ერთი ტრადიცია კი გვარწმუნებს, რომ განკითხვის დღეს, როდესაც ალაჰი კაცობრიობას ცოდვა-მადლს მოჰკითხავს, მართლები სწორედ მათ მიერ შეწირული ცხოველების საშუალებით მიაღწევენ სამოთხემდე. ამიტომ საკლავს სპეციალურ ნიშანს ასვამენ, რომ ჯოჯოხეთზე გადებული ხიდის გადასალახად, განკითხვის დღეს ადვილად იპოვონ მოწყალებისთვის გაღებული შესაწირი – რომელიც ახლა მათ ტრანსპორტად იქცევა.

დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.

თუმცა დღესასწაულის გული მაინც საუდის არაბეთში ასვენია. მექაში, ქააბას მოლოცვის შემდეგ, მინას ველზე ჩასული მომლოცველები შვიდ ქვას ესვრიან სამ სვეტს, რომლებიც სიმბოლურად სატანას, ბოროტებისა და ცდუნების მეფეს გამოსახავენ. სვეტები სწორედ იმ ადგილას არის აღმართული, სადაც გადმოცემის თანახმად იბრაჰიმ წინასწარმეტყველს ეშმაკმა გზა გადაუღობა, როცა ის სალოცავად მიდიოდა. ამ რიტუალის აღსრულებისას, მუსლიმი დაახლოებით იმავეს აკეთებს, რასაც ნათლობის წინ ქრისტიანი, როცა სამგზის შენერწყვავს სატანას და ბოროტებას დაგმობს.

წელს ყურბან-ბაირამი 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
მორწმუნეებს სწორედ ეს პერიოდი აქვთ შეწირული საკლავიდან მიღებული ხორცის დასარიგებლად: „პირველ დღეს შესრულებული რიტუალი ძალიან ძვირფასია. თუ ადამიანი ვერ მოახერხებს გარკვეული მიზეზების გამო შეუძლია მეორე დღესაც შეასრულოს ეს რიტუალი, მეორე დღეს დაკლას საკლავი ან მესამე , მაგრამ მეოთხე დღეზე აღარ უნდა გადავიდეს, თუმცა ძალიან გამონაკლის შემთხვევებში ესეც შეიძლება“.

ყურბან-ბაირამის დღესასწაული რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლობიდან მოდის.


| Print |