რელიგია
ებრაელები ახალ წელს ზეიმობენ
ებრაელი ერი ახალწელს - "როშ ჰაშანა"-ს ზეიმობს. იგი „მონანიების დღეების“ პირველი დღესასწაულია და თიშრეის (ებრაული კალენდრის თვე) პირველი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება.

როშ ჰაშანას დღეებში შოფარს (ცხვრის რქის საკრავი) უკრავენ და სიმბოლურ ხილს მიირთმევენ – მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავი მაინც თაფლში ამოვლებული ვაშლია. 

როშ ჰაშანა ანუ ებრაული ახალი წელი ისრაელში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ჩვეულებრივ, ეს დღესასწაული სექტემბერში ან ოქტომბრის დასაწყისში აღინიშნება. წელს ებრაული ახალი წელი 18 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბრამდე გასტანს.

ებრაელები სინაგოგაში ხანგრძლივ რიტუალს ესწრებიან, ლოცულობენ და სიმღერებს მღერიან, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. შოფარის ჩაბერვა როშ–ჰაშანას სიმბოლოა და მის ხმას მსოფლიოს ყველა სინაგოგაში გაიგებთ. იგი ებრაელებს სინაის მთაზე ათი მცნების ბოძებას, აბრამისა და ისაკის ღვთისადმი ერთგულებას, განსჯის დღის მოახლოებასა და მესიას მოსვლას ახსენებს.

როშ ჰაშანას კიდეც ერთი სიმბოლო თაფლიანი ვაშლი და სხვა ტკბილეულია, რომელიც ყველა ებრაელის ოჯახში იჭმევა. არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითად ებრაელები მდინარესთან, ტბასთან ან გაშლილ სივრცესთან მიდიან და ჯიბეებს იფერთხავენ, რაც ცოდვებისგან განწმენდის ერთგვარი სიმბოლოა.

როშ ჰაშანადან იომ ქიფურამდე არსებულ პერიოდს "მონანიების ათი დღე" ეწოდება და მის განმავლობაში ადამიანებს ცოდვებისგან თავის დაღწევის საშუალება ეძლევათ.
| Print |